Friday, May 20, 2011

ქართული მითოლოგია

ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს - მზეს, მთვარეს, ვარსკლავებსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს. ამას გარდა, ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება. ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამდე ქართველ ხალხსაც საკუთარი ღმერთები და გმირები ჰყავდა. მითები მათ შესახებ შემონახულია ძველ წიგნებსა და ზეპირსიტყვიერებაში. სხადასხვა თქმულებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე მოაღწიეს ჩვენამდე ქართულმა მითებმა, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX სს.),თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი. არსებობს მითი, რომ ნოეს ძის იაფეტის ერთ - ერთ ვაჟს თარში ერქვა. შვილები მასაც ჰყავდა. თარშის ვაჟი თარგამოსი თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით ჩრდილოეთით წამოვიდა და დასახლდა ორ მთას - არარატსა და მასისს შორის. შემდგომში მან ქვეყანა გაუყო თავის რვა ვაჟს: ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს, ლეკოსს, ჰეროსს, კავკასოსსა და ეგროსს. ჰაოსს ერგო ამჟამინდელი სომხეთი, ქართლოსს აღმოსავლეთ საქართველო და სამხრეთ - დასავლეთი საქართველოს ნაწილი შავ ზღვამდე, ჰეროსს - აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი, ბარდოსს - თანამედროვე აზერბაიჯანის სამხრეთი ნაწილი, მოვაკანს - აზერბაიჯანის ჩრდილოეთი მხარე, ეგროსს - დასავლეთ საქართველო, ლეკოსსა და კავკასოსს - ჩრდილოეთი კავკასია.

ქართლოსმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან , მაღალ მთაზე ააგოციხე - სიმაგრე, რომელსაც თავისი სახელის მიხედვით ქართლი უწოდა. იმ დროიდან დაუმკვიდრდა ეს სახელწოდება მის საბრძანებელში შემავალ მიწებსაც. ქართლოსს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა და სწორედ მისმა გმირმა შვილებმა - გარდაბოსმა, გაჩიოსმა, კახოსმა, კუხოსმა და მცხეთოსმა მისცეს დასაბამი აღმოსავლურ - ქართულ ტომებს. როცა ქართლოსი გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ქართლის მთაზე. მცხეთოსი სხვებზე უფროსი და მამაცი იყო, ამიტომ დანარჩენი ძმები მას ემორჩილებოდნენ. მისი სასახლე იდგა ქართლის მთაზე, სადაც მან ქალაქი მცხეთა დააარსა.
ქართლოსის ძმების , ეგროსისა და ჰეროსის მიწებზე წარმოიქმნა ეგრისი და ჰერეთი. ეგრისში ცხოვრობდნენ დასავლურ - ქართველური ტომები: მეგრელები, ლაზები, ჭანები. ჰეროსის, კახოსის და კუხოსის შთამომავლებმა კი გართიანების შემდგომ შექმნეს აღმოსავლურ - ქართული ოლქი - კახეთი. მითის თანახმად, ქართველთა წინაპრებად ნოეს შვილიშვილის, თარგამოსის ვაჟები - ქართლოსი, ეგროსი და ჰეროსი ითვლებიან.

ქართული მითოლოგიის გმირები:

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაებაა. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ( IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

(ძვ.-ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები. არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.


ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.



ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, [გაცი]ს ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.


ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია. ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება, თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს — ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას — ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.

No comments:

Post a Comment