ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.
ბერძნული მითოლოგიის ღმერთები:
ზევსი - (ძვ.-ბრძ. Ζεύς,) - ძველბერძნულლ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების ქრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს. ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა ქრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.
ათენა - (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) - საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.
აპოლონი - (ბერძნ. Απόλλων) - სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი: აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა.
აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლირა და ამგვარად გახდა მუსიკისა და მუზების მფარველი ღვთაება და მიიღო ზედმეტი სახელი.
აპოლონმა ტყავი გააძრო მის მეტოქეობის მსურველს მუსიკაში – მარსიასს და გამოქვაბულში ჩამოკიდა.
ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, იმ პირობით, რომ შეიყვარებდა მას, მაგრამ კასანდრამ მოატყუა ღმერთი და გაჯავრებულმა აპოლონმა დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველების აღარავის სჯეროდა.
აპოლონს შეუყვარდა ფერია დაფნე, რომელმაც ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და მისგან განრიდების მიზნით ხედ გადაიქცა. ამიტომ დაფნა შემდგომში აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა.ზევსზე შურისძების მიზნით, რადგანაც ამ უკანასკნელმა მოკლა ასკლეპიოსი, აპოლონმა ამოხოცა კიკლოპები. ზევსმა აპოლონი ამისათვის დასაჯა და აიძულა 7 წლის განმავლობაში ემწყემსა მეფე ადმეტოსის ნახირი.პოსეიდონთან ერთად აპოლონი მსახურობდა მეფე ლაომედონტთან და ააგო ტროას მიუდგომელი კედლები. მეცნიერთა აზრით აპოლონის კულტი მცირე აზიიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე მეტყველებს რამოდენიმე ფაქტი: 1. ტროას ომში აპოლონი ტროელთა მხარეზეა. 2. აპოლონის ტაძრების უმრავლესობა სწორედ მცირე აზიაშია განლაგებული. 3. არის ცდები აპოლონის სახელის ეტიმოლოგია მცირე აზიის ერთ–ერთი ენის მეშვეობით ახსნან, სადაც აპოლონი თითქოს კარებს უნდა ნიშნავდეს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ აპოლონი თავდაპირველად შესაძლებელია კარების ღმერთი ყოფილიყო (ღმერთი, რომელიც ოჯახის, ქალაქის, სახელმწიფოს კარებს იცავდა ბოროტმზრახველებისაგან). ამის დასადასტურებლად იმასაც იყენებენ, რომ აპოლონის ერთ–ერთი ეპითეტია "თიურაიოსი", რაც ბერძნულ ენაზე "კარებისას" აღნიშნავს. აპოლონის კულტი საბერძნეთში ადრევე, მიკენის ეპოქაში გადასულა. აპოლონის კულტის უძველესობასა და მის ტოტემურ ხასიათზე მიუთითებს მისი მრავალი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი) როგორიცაა მაგალითად: აპოლონ ლიკეოსი (მგელი), აპოლონ სმინთევსი (თაგვი) და სხვა მსგავსი. ფიქრობენ, რომ აპოლონი თავიდან ამ ცხოველთა სახეს ღებულობდა, შემდეგ კი მიიღო ღმერთის სახე, რომელიც იცავდა ადამიანებს, მათ ნახირს და მოსავალს თაგვების, მგლების და სხვა მავნე ცხოველებისგან. ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.
ჰერა - (ბერძნ. Ἥρα, Hera) - ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი. უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარჩხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.
ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირია. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როცა ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო. ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.
ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო. მაგრამ ზევსმა იცოდა, რომ მისი მეუღლე ჰერა ეჭვით იყო ანთებული თავისი მეტოქის ალკმენეს მიმართ, მეუღლეს არასოდეს არ აპატიებდა უბრალო მოკვდავ ქალთან კავშირის დაჭერას, ქმრის მორიგი ღალატის ამბავი კარგად ჰქონდა გაგებული და არაფრად ეჭაშნიკებოდა ალკმენეს ვაჟის დღეკეთილობა. ცბიერმა ჰერამ ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ–ტომის მბრძანებელი იქნებოდა. მისივე დავალებით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ატემ, ამით ისარგებლა ჰერამ, მოატყუა ქმარი და იზრუნა იმისათვის, რომ მიკენის მეფეს სთენელოსს უკეთესი ხვედრი რგებოდა; მის მეუღლეს ნიკოპეს, რომელიც აგრეთვე პერსეიდი იყო (პელოპის ასული), ჰერაკლეზე ადრე ეშვა ძე, რომელსაც ევრისთევსი ეწოდა. ამრიგად, ჰერამ ზევსი მოატყუა, პერსეიდების მბრძანებლობა ჰერაკლეს – ზევსის შვილს კი არა, უბრალო მოკვდავს ევრისთევსს დაებედა. არც ატეს დაადგა კარგი დღე. განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის. ასე ჩაფუშა ჰერამ განზრახვა, ჰერაკლეს რომ დიდ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ ჰერამ არც ეს იკმარა, შემდეგაც ყოველნაირად ცდილობდა, ალკმენეს შვილისათვის ზიანი მიეყენებინა. ალკმენემ ტყუპი შვა: ჰერაკლე და იფიკლე. ერთი ზევსისა იყო, მეორე ამფიტრიონის. გმირის პირველი სახელი ალკიდე იყო, ჰერაკლე დელფოს სამისნოს ორაკულმა პითიამ უწოდა. "ჰერაკლე" ნიშნავს "წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე". დედოფალს ჰერას ხრიკებისა ეშინოდა და ახალშობილი ჰერაკლე გარეთ დასვა, ერთ მინდორზე, რომელსაც შემდეგ ჰერაკლეს მინდორი ეწოდა. აქ ყმაწვილი უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ მის ბედზე იქ გზად არ გამოევლოთ ჰერას და ათენას. ათენამ ბავშვი აიყვანა, გაოცებული ათვალიერებდა ღვთაებრივი სილამაზის ყრმას და მერე ჰერას გაუწოდა, სთხოვა, ძუძუ აწოვეო ამ მშვენიერ არსებას. ჰერამ ღვთაებრივი ძუძუ მისცა, მაგრამ ჰერაკლე უფრო მძლავრად წოვდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ჰერას მკერდი ეტკინა და ბავშვი მიწაზე დააგდო. ათენას ისევ შეეცოდა, ბავშვი მეორედ აიყვანა და თებეში მცხოვრებ დედოფალს ალკმენეს მიჰგვარა, ნაპოვნი ბავშვიაო, უპატრონო და სთხოვა, გაზარდეო. ასე გახდა იძულებული მოყვარული დედა, რომ ღვიძლი შვილი ღმერთების შიშით სასიკვდილოდ გაემეტებინა. ახლა კი, როგორც დედინაცვალს, ისევ ღმერთების რიდით, სიკვდილისგან ეხსნა ის, ვინც სხვისი შვილის სახით მიჰგვარეს. მეორე მხრივ, მშობელმა დედამ ღვიძლი შვილი შიშით გასწირა, ხოლო დედინაცვალმა ჰერამ ბუნებრივი სიძულვილით გამსჭვალულმა, თავისდა უნებურად გადაარჩინა გერი, ვისაც სიკვდილი ელოდა. ეს კიდევ არაფერი: ჰერამ თავისი ღვთაებრივი ძუძუ აწოვა გერს და, მართალია, სულ ორიოდე წვეთი რძე არგუნა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვდავება მიენიჭებინა. ამრიგად, ისევ ჰერამ აქცია უკვდავ გმირად ის, ვისაც მისი შიშით უმალ სიკვდილი ელოდა.
აფროდიტე - (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē) - სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).
No comments:
Post a Comment