Saturday, June 18, 2011

კვლევა მთავარ საკითხებზე

პირველ რიგში გავარკვრიოთ თუ რა არის მითოლოგია.მითი, მითოსი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ამბავს. მითები მოგვითხრობდნენ ღმერთებისა და გმირების, სამყაროს შექმნისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. დღეს ამ ძველ გადმოცემებს შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც მითოლოგია ჰქვია.
მითი მოაზროვნე ადამიანის უძველესი ქმნილება და თანამგზავრია. ის არც ისტორიაა, არც რელიგია, არც ზღაპარი და არც ლეგენდა, მაგრამ თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს. მასში ყოველთვის არის სინამდვილის ნაწილი, რომელსაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს. მითები უმეტესწილად მოგვითხრობს ხალხის მიერ სათაყვანებელი ღმერთებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირების შესახებ. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე. რატომ შექმნეს ადამიანებმა მითები? თანაც ისინი არა ერთ არამედ უამრავ ქვეყანაში არსებობს. ჩემი აზრით, მითის შექმნის აუცილებლობა ადამიანის გონებრივ ფანტაზიას უნდა მივაწეროთ. რეალობით დაუკმაყოფილებელი ქმნილება ხსნას სადღაც სხვაგან დაეძებს..ადამიანის ცნობიერება ითხოვს ირეალურს, არაამქვეყნიურს, რომელსაც შველას შესთხოვს.ეს მისწრაფება ვლინდება უამრავი ღმერთისა  და გმირების თაყვანისცემაში.

მითების დანიშნულება შესაძლოა იგივე იყოს,რასაც კარლ მარქსი ღმერთის არსებობს მიაწერს. მას მიაჩნია, რომ ადამიანმა ღმერთი გამოიგონა იმისათვის, რომ გასაჭირში მისი იმედი ჰქონოდა და სიცოცხლე არ მობეზრებოდა. ადამიანის ბუნება ასეთია, მას სურს ყოველთვის ჰყავდეს უზენაესი მფარველი რომელიც ისეთი ძალის პატრონია, რაც ადამიანს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მითები რომლებიც გმირებისა და ღმერთების შესახებ შეიქმნა, შესაძლებელია ადამიანის იმედსა და უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ მოთხოვნილებას ემსახურება.

მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა,ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.აქედან გამომდინარე ადამიანის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ რწმენა ვიღაცის ან რაღაცის.

მითოლოგიის დანიშნულება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაშიც ვლინდება.ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება. მაგ: მიწათმოქმედების სფეროში, კარგი მოსავლის მოსაყვანად ადამიანებს უნდა შეესრულებინათ რიტუალი მიწათმოქმედების ღმერთის საპატივსაცემოდ. ეს რწმენა და ჩვევები იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მათ ცნობიერში, რომ კარგა ხანს სჯეროდათ რიტუალის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსავალს ვერ მიიღებდნენ ან დაიმსახურებდნენ ღვთაების რისხვას. ამ ყველაფრის აღმოფხვრა ცივილიზაციის გონებიდან კაცობრიობის განვითარებამ, განათლებამ და საყოფაცხოვრებო ნივთების განვითარებამ განაპირობა. აგრეთვე ადამიანის ცხოვრებაში მკაცრად ჩაერია ეკლესია, რომელმაც რწმენის სადავეები თავის თავზე აიგო და დაამსხვრია კერპთაყვანისმცემლობა, უამრავი ღმერთის არსებობა, წარმართობა.რელიგიამ თითქოსდა დაძლია მითოლოგიური მსოფლმხედველობა მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთადერთი ღმერთი აღიარა როგორც ჭეშმარიტი რწმენისა და იმედის საფუძველი.

ბუნებრივია, მითოლოგიას რწმენის გარდა სხვა ფუნქციაც გააჩნია. მოვიშველიებ ჯ. კემპბელის განმარტებას, რომლის მიხედვით, ოთხი ფუნქცია აქვს, რომელთაგან პირველი ცნობიერების შეთანხმება, შერიგებაა საკუთარი არსებობის წინაპირობებთან (მისტიკური ან მეტაფიზიკური ფუნქცია); მეორე – სამყაროს სახის, კოსმოლოგიური სახის გამოხატვაა, გადმოცემაა, რომელშიც ყველაფერი ერთი დიდი საკრალური სურათის, ხატის ნაწილად უნდა მოიაზრებოდეს (კოსმოლოგიური ფუნქცია); მესამე – ტრადიციული ფუნქციაა, სპეციფიკური სოციალური წესრიგის განმტკიცება და შენარჩუნება. იგი ხსნის და ამართლებს მორალურ კოდს, როგორც უპირობო კონსტრუქციას (სოციოლოგიური ფუნქცია). ბოლოს, მეოთხე, რომელიც ამ სამივე ფუნქციის საფუძველშია და მის საყრდენს წარმოადგენს, არის ფსიქოლოგიური (რაც გულისხმობს ინდივიდების ჩამოყალიბებას მათი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიზნებისა და იდეალების მიხედვით, რომელთაც ისინი დაბადებიდან სიკვდილამდე ატარებენ)

მითების არსებობა ზოგჯერ აუხსნელი ფაქტებისა და მოვლენების ახსნას ემსახურება. მსოფლიოში არსებობენ გამორჩეული ადგილები ან ნაგებობები,რომელთა შექმნაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. მაგ:გოლიათის ქვაფენილი -ეს არის ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე ბუნებრივი საოცრება - დიდი ხნის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი 40 000-მდე ბაზალტის სვეტი, რომლებიც ერთმანეთზეა მიბჯენილი და მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. გოლიათის ქვაფენილი 1986 წელს ”იუნესკომ” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც შეიტანა. დღეისათვის ის ტურისტთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ჩრდილოეთ ირლანდიაში.












ამ საოცრების ასახსნელად დღესაც არსებობს ირლანდიური მითი:უძველეს დროში, ირლანდიაში ცხოვრობდა ერთი კეთილი გოლიათი, სახელად ფინი. მისი სიმაღლე 16 მეტრს აღწევდა, თუმცა სხვა გოლიათებთან შედარებით ის მაინც პატარა იყო...
ზღვის გადაღმა კი, შოტლანდიაში იყო ფინის მეტოქე გოლიათი, სახელად ბინანდონერი. ორივე გოლიათი ერთმანეთს ეძახდა ზღვის გადაღმა და საბრძოლველად იწვევდა. სტუმართმოყვარე ფინმა გადაწყვიტა ბილიკი გაეკეთებინა შოტლანდიამდე, რათა გოლიათებს შებრძოლების საშუალება ჰქონოდათ. მართლაც, ფინმა ბილიკი გააკეთა, მაგრამ საქმე ისეთი დამღლელი იყო, რომ მალე ჩაეძინა...
მეორე დილით, ფინის ცოლმა იუნამ გოლიათის ნაბიჯების ხმა გაიგონა, ეს ბინანდონერი მოაბიჯებდა ბილიკზე, ფინს კი კვლავ ღრმა ძილით ეძინა. მოხერხებულმა იუნამ თავის მძინარე ქმარს ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი ჩააცვა... ამასობაში შოტლანდიელი გოლიათიც მოვიდა, ის მართლაც გიგანტური იყო, ფინი მასთან ვერაფერს გახდებოდა. ბინანდონერი ღრიალებდა: ”ფინი სად არის? ლაჩარი ფინი...” იუნამ კი შეაჩერა: ”ჩუმად! თორემ ახალშობილს გააღვიძებ!..” ბინანდონერმა მძინარე ფინს შეხედა და გაიფიქრა... ”თუკი ეს მისი პატარა შვილია, თვითონ ფინი ხომ უზარმაზარი იქნება...” და შიშმა მოიცვა... სასწრაფოდ მიტრიალდა და იგივე ბილიკით თავის ქვეყანაში, შოტლანდიაში გაიქცა, თანაც ისე, რომ გზადაგზა ბილიკის სვეტებს ანადგურებდა, ვაი თუ ფინი უკან გამომედევნოსო...


დღესდღეობითაც არსებობს ისეთი საკითხები,რომლებიც ადამიანებში ხშირად აღძრავენ შეკითხვას მითია თუ რეალობა? ასეთია აქტუალური თემა "ბერმუდის სამკუთხედი".ეს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში არსებული ტერიტორიაა, რომელის დაკავშირებულია უამრავ კატასტროფებთან  და საზღვაო თუ საჰაერო ობიექტების გასაიდუმლოებულ გაუჩინარებასთან. არსებობს ვარაუდი ამ ტერიტორიაზე უცხოპლანეტელების აქტივობის შესახებ, თუმცა შესაძლოა ვარაუდი მითს უფრო შეესაბამებოდეს ვიდრე რეალობას. საკითხთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში არსებობს დამამტკიცებელ არგუმენტთან ერთად მისი უარმყოფელი კონტრარგუმენტიც, ამიტომაც ხშირად ჩვენ გვეძლევა საშუალება თავად ავირჩიოთ საკუთარი პოზიცია და გადავწყვიტოთ მითია ის თუ რეალობა. თუნდაც ბერმუდის სამკუთხედის ფაკტი ადასტურებს იმას, რომ მითების შექმნა მხოლოდ უძველეს დროში არ ხიბლავდათ ადამიანებს. ეს ჩვენს თანამედროვე სამყაროშიც ხშირად ხდება თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოება სენსაციური მოვლენებით ასაზრდოონ ან ჩვეულებრივი მოვლენა სენსაციად აქციონ.

საინტერესოა, მოახდინა თუ არა ჩვენს ცნობიერებაზე ზეგავლენა მითოლოგიამ? ჩემი პასუხი იქნება დადებითი.როგორც ფსიქოლოგიაშია ცნობილი, არსებობს ერის ცნობიერება. თითეული პიროვნება ატარებს ერის ცნობიერებას როგორც მენტალობის ნაწილს. ერი გადის გამუდმებულ ევოლუციას საწყისიდან შემდგომ, დაგროვილი ცოდნა კი ადამიანს გენეტიკურად გადაეცემა ქვეცნობიერში. ქვეცნობიერიდან კი შესაძლოა ამოტივტივდეს ცნობიერებაში. ეს ნიშნავს იმას, ჩვენს გონებაში არსებობს კაცობრიობის ცოდნა, ტრადიციები, ჩვეულებები, მითები და რწმენა. ჩვენ შეგვეძლო უარი გვეთქვა რელიგიაზე, ღმერთის რწმენაზე. ღმერთიც ხომ მითოლოგიის ნაწილია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცნობიერებაშია ფესვებგადგმული და არ გვაძლევს უარყოფის ან დავიცყების საშუალებას. ჩვენდა უნებურად გვწამს რომ ღმერთი არსებობს და ყოვლისშემძლეა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არ გვინახავს და შევხებივართ.სწორედ ამაში გამოიხატება მითის ზეგავლენა, რომ გვწამს ახლაც, თანაც ბრმად.

ზოგიერთმა მითმა ფსიქოლოგიური დატვირთვა შეიძინა. მისი სახელწოდება დამკვიდრდა როგორც ტერმინი გარკვეული პათოლოგიური ქცევის ასახსნელად. ამის მაგალითია მითი ოიდიპოსზე.ოიდიპოსი იყო თებეს მეფე, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა (მან არ იცოდა, რომ ის მამამისი იყო) და ცოლად შეირთო საკუთარი დედა (მან ასევე არ იცოდა, რომ ის დედამისი იყო), რის გამოც მან თავისი საზარელი ცოდვების გაცნობიერების შემდეგ ამოითხარა თვალები და სამშობლოდან გაიქცა. XX-ე საუკუნეში საყოვეთაოდ ცნობილმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა ზემოთ ხსენებული ისტორია ფსიქოანალიზში გამოიყენა. ფროიდისეული თეორიის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ეს არის ბავშვის ქვეცნობიერი სწრაფვა საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ. ფროიდის ამ თამამი განცხადების შემდეგ ოიდიპოსის კომპლექსის თეორია საყოველთაოდ გახდა ცნობილი და ის დღემდე ცხარე დებატების საკითხია. მარტოხელა ადამიანების რაოდენობის მომატება, სიყვარულის შიში, ადამიანის დაყოვნებული ზრდა – ეს ყველაფერი ასევე ოიდიპსის კომპლექსში ერთიანდება. ოიდიპოს მეფის სევდიანი და ტრაგიკული ისტორია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს თეორიად იქცა.

დასკვნის სახით შემიძლია ჩამოვაყალიბო,რომ მითებს მხოლოდ გაკვეული ამბის გადმოცემის ღირებულება არ ჰქონია. ამას ამტკიცებს ჩემი ჩატარებული კვლევა და აგრეთვე გამოკითხვა,რომელიც ჩავატარე რამდენიმე სტუდენტთან მათი სუბიექტური აზრის გასაგებად. უმეტესმა ნაწილმა მიპასუხა, რომ მას ზეგავლენა აქვს ჩვენს მენტალიტეტზე და ის უპირველეს ყოვლისა რწმენაში ვლინდებაო. თანაც, მითოლოგია ხომ ერთგვარი გასაღებია ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის. ის კულტურის ნაწილია,რომელიც ინახავს ისტორიასა და წარსულს, ადრინდელ ცნობიერებასა და ადამიანის ყოფას, რაც ერისა და კაცობრიობის ევოლუციის საფუძველია.

No comments:

Post a Comment